აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთ წარმომადგენელთან ინტერვიუში, რომელმაც უსაფრთხოების გამო ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, ვისაუბრეთ იმაზე, როგორ შეიცვალა აფხაზეთში პოლიტიკური გარემო ბოლო დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. რესპონდენტი აღწერს, როგორ გააუმჯობესდა რუსეთის ფინანსური დახმარება და სოციალური ვითარება და, ამავდროულად, როგორ შეიზღუდა პოლიტიკური კონკურენცია: ოპოზიციის დევნა, მოქალაქეობის ჩამორთმევა ოპონენტებისთვის, ჟურნალისტების „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადება და კრიტიკული მედიის დათრგუნვა. ჩვენი რესპონდენტი ფიქრობს, რომ რუსეთთან ინტეგრაცია მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება, ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის სივრცე კი, შესაძლოა მთლიანად გაქრეს.


როგორ შეიცვალა პოლიტიკური სიტუაცია აფხაზეთში ბოლო არჩევნების შემდეგ – რუსეთის გავლენა გაიზარდა თუ პირიქით?

პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ აფხაზეთში სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდა. დაიწყო მრავალი ობიექტის რეკონსტრუქცია რუსეთის დახმარებით. ამოქმედდა სხვადასხვა რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამები. ჟურნალისტებისა და მეწარმეების მხარდასაჭერად გაიხსნა წვდომა რუსეთის გრანტებზე. 

2025 წლის გაზაფხულზე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტად კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ბადრა გუნბა აირჩიეს. ყოფილი დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია ოპოზიციის აქციების ფონზე გადადგა. ოპოზიცია და მოსახლეობის ნაწილი მაშინ რუსეთის სასარგებლოდ ინიცირებულ კანონებს აპროტესტებდა.

აფხაზეთის ერთიანობის სახალხო ფორუმის განცხადებით, ბადრა გუნბას კანდიდატურის სასარგებლოდ გამოყენებული იყო „მეგობარი სახელმწიფოს“ ადმინისტრაციული რესურსების უზარმაზარი არსენალი, ყველა შესაძლო ბიუროკრატიული ბერკეტი და სხვა საშუალებები.

მაგრამ პოლიტიკური სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალა. ოპოზიცია მთლიანად გამოთიშეს პოლიტიკური ცხოვრებიდან. არა პროსახელისუფლებო ჟურნალისტები რუსეთში უცხოეთის აგენტებად გამოაცხადეს. ორ მთავარ ოპოზიციონერს – ლევან მიქაასა და კან კვარჩიას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. 

2024 წლის მარტში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ განაახლა უცხოური აგენტების რეესტრი, რომელშიც დაამატა კიდევ ორი აფხაზი ჟურნალისტი – სააგენტო „Аиашара“-ს რედაქტორი ნიზფა არშბა და „Нужная газета“-ს დამფუძნებელი იზიდა ჭანია, რომელთაც რუსული მხარე თანამშრომლობას ედავება დასავლურ ფონდებთან – გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID). იქამდე რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხოური აგენტების რეესტრში ცნობილი აფხაზი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი შეიყვანა.

რუსეთის მსგავსად, „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას უკანასკნელი წლების განმავლობაში სოხუმს მოსკოვი ავალდებულებდა ირიბი თუ პირდაპირი მინიშნებებით. კანონის შესაძლო მიღებაზე აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების რეაქციები მწვავე იყო.

მოქალაქეობის ჩამორთმევა ნიშნავს იზოლაციას. ოპოზიციის ლიდერს, ადგურ არძინბას, მუდმივად აშინებენ მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობით.

აფხაზი ოპოზიციონერი ადგურა არძინბა, რომელიც დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის მთავარი ოპონენტი იყო, „ადლერის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აპრილში ორი კვირით ვადით ადმინიტრაციულით დააკავეს. მაშინდელი ინფორმაციით, მას მართვის მოწმობა ჰქონდა ჩამორთმეული რუსეთის სასამართლოს მიერ, თუმცა, მიუხედავად ამისა, თავად მართავდა ავტომობილს, რაც გახდა რუსეთის სამართალდამცველების მხრიდან დამატებითი შემოწმების საფუძველი.

 ერთი მხრივ მიმდინარეობს მასშტაბური ფინანსური დახმარება რუსეთის მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ – პოლიტიკური სივრცისა და განსხვავებული აზრის საინფორმაციო სფეროს მასშტაბური წმენდა.

რა მდგომარეობაა იმ ახალი კანონების გარშემო, რომლებსაც საზოგადოება აპროტესტებდა?

ამჟამად საერთოდ აღარ არის საუბარი უცხოეთის აგენტებზე ან აპარტამენტების შესახებ კანონების მიღებაზე. თითქოს ეს საკითხები მთლიანად გააქრეს საზოგადოებრივი ცხოვრებიდან და სხვა თემებზე გადაერთვნენ.

კი, უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი აფხაზეთში პროტესტის გამო ჯერ კიდევ არ მიუღიათ, მაგრამ ზოგი აფხაზი ჟურნალისტი რომ მიიჩნევა აგენტად რუსეთში, როგორ უყურებს ამას საზოგადოება მთლიანობაში?

საზოგადოება მთლიანად დუმს ამაზე. თითქოს უცხოეთის აგენტების პრობლემა მხოლოდ მათ ეხება, ვინც ასეთებად გამოაცხადეს. ჟურნალისტებს ეშინიათ კოლეგების დასაცავად ხმამაღლა საუბრის, რადგან თვითონაც შეუძლიათ “რუსეთის აგენტთა” რეესტრში მოხვდნენ.

როგორ ჩანს თქვენთვის მომავალი, თუ გავითვალისწინებთ ყველა ამ პოლიტიკურ გარემოებას?

მომავალში, დიდი ალბათობით, რუსეთისთან კიდევ უფრო დიდი ინტეგრაცია იქნება. საერთოდ აღარ იარსებებს ოპოზიცია და დამოუკიდებელი მედია. ახლა მიმდინარეობს ახალი მედიების ფორმირება, რომლებიც რუსეთისგან დაფინანსდება და აფხაზეთში რუსეთის პროექტების რეკლამირებაზე იქნება კონცენტრირებული. არ იქნება არანაირი კრიტიკა – მხოლოდ PR.

კვლავ არსებობს შიში, რომ რუსეთი აფხაზეთის გადაცემას საქართველოს აპირებს? [აქ ცოტა სასაცილოდ გამოიყურება ეს თეორია “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით] 

არა, უფრო ის იგრძნობა, რომ რუსეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის შეკრებას ცდილობს და თუ აფხაზეთი და საქართველო როგორმე გაერთიანდებიან, ეს მხოლოდ საერთო სახელმწიფოს ფარგლებში მოხდება რუსეთთან ერთად, სადაც პოლიტიკასა და ყველაფერს მოსკოვი განსაზღვრავს. თუმცა, დიდი ალბათობით, ფორმალურად არაფერი შეიცვლება. ყველა თავის სტატუსში დარჩება, მაგრამ რუსეთის გავლენა ყველგან გაძლიერდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი

>