საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები 7 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ანგარიშების დაყადაღებას ეხმაურება და მას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების გაძლიერებად აფასებენ.
საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციის, Amnesty International-ის შეფასებით, ორგანიზაციებისთვის ანგარიშების გაყინვა ნიშნავს, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცე მცირდება.
„ხელისუფლებამ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები გაყინა და „საბოტაჟზე“ სისხლის სამართლის საქმე აღძრა იმ ბრალდებით, რომ მათ მომიტინგეებისთვის დამცავი აღჭურვილობის შეძენა დააფინანსეს. წინა საქმეებისგან განსხვავებით, ამან შესაძლოა არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერების დაპატიმრება გამოიწვიოს.
დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების „საბოტაჟის მომწყობებად“ მოხსენიებით, ხელისუფლება ხელს უშლის მათ საქმიანობას და შემაშინებელ სიგნალს უგზავნის სხვებს, ვინც ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავენ.
ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საქმიანობის შელახვით, საქართველოს ხელისუფლება თავად ეწევა საკუთარი ხალხის უფლებების საბოტაჟს. ადამიანის უფლებების ეს რეპრესიები უნდა დასრულდეს“, – აცხადებს Amnesty International.
ამერიკელი სენატორი დემოკრატიული პარტიიდან, ჯინ შაჰინი აქცენტს აკეთებს „საბოტაჟის“ საქმეზე, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციებს ანგარიშები დაუყადაღეს.
„ქართული ოცნების მთავრობის მიერ დაკავებული მომიტინგეებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა დანაშაული არ არის. ეს არც „სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟია“. მე კვლავაც ვდგავარ ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების გვერდით, რომლებიც ცდილობენ საქართველოს დემოკრატიის შენარჩუნებას“, – დაწერა X-ზე ჯინ შაჰინმა.
ორგანიზაციებისთვის ანგარიშების გაყინვას გამოეხმაურა რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი და განაცხადა, რომ საჭიროა „მეგობარი აქტის“ სასწრაფოდ მიღება, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
„ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი აძლიერებს რეპრესიებს თავისუფალი ქართველების წინააღმდეგ, რომლებიც კომუნისტური ჩინეთის მიერ მათი ქვეყნის სრული მიტაცების თავიდან აცილების ცდილობენ. სასწრაფოდ საჭიროა „მეგობარი აქტი“, – წერს X-ზე ჯო უილსონი.
ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს განცხადებით, არ უნდა დაუშვან, რომ საქართველო დავიწყებას მიეცეს.
„ქართული ოცნება“ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ რეპრესიებს აძლიერებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები გაყინა ყალბი „საბოტაჟის“ გამოძიების ფარგლებში, რომელიც მომიტინგეებისთვის ძირითადი დამცავი აღჭურვილობის მიწოდებას ეხებოდა.
ევროპარლამენტმა განსაზღვრა, თუ როგორ უნდა უპასუხოს ევროკავშირმა. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ საქართველო დავიწყებას მიეცეს“, – დაწერა X-ზე რასა იუკნევიჩიანემ.
კრემლის მიერ დაფინანსებულად შეაფასა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დევნა შვედეთის პარლამენტის წევრმა, გუსტაფ გიოტბერგმა.
„კრემლის მიერ დაფინანსებული და პუტინის მიერ მხარდაჭერილი დემოკრატიის დევნა საქართველოში გრძელდება. დემოკრატიული მოძრაობის განზრახ განადგურების მცდელობის მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების 7 ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები გაიყინა. მიუღებელი, უსამართლო და ლაჩრულია.
ყველას ყურადღება საქართველოსკენაა მიპყრობილი!“, – დაწერა X-ზე გუსტაფ გიოტბერგმა.
პროკურატურამ ორგანიზაციებისთვის ყადაღის დადება მოითხოვა, რადგან გაზაფხულის აქციების დროს, მათ აქციის მონაწილეებისთვის სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები შეიძინეს და ასევე, დახმარება გაუწიეს დაჯარიმებულ ადამიანებს ჯარიმის გადახდაში და დაკავებულ პირებსა და მათ ოჯახებს.
„საბოტაჟის“ შესახებ გამოძიება პროკურატურაში ვატო შაქარაშვილის მოძრაობის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაიწყო. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში მარტში პროკურატურამ რამდენიმე ფონდის ანგარიში დააყადაღა, მათ შორის: ნანუკას ჟორჟოლიანის ფონდი, ფროსფერითი, ფონდი ერთმანეთისთვის 24/7, სირცხვილია, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.