გორში ალკოჰოლური სასმელების კუსტარულად წარმოების გამო დაკავებული ბიზნესმენის, გიორგი კანდელაკის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ მისი კლიენტს ალკოჰოლის ქარხანასთან შემხებლობა არ აქვს.
ამის შესახებ მან „TV პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბრალდების მიერ დასახელებული კომპანიები გიორგი კანდელაკს არ ეკუთვნის.
„დასახელებულ მიწის ნაკვეთთან, ამ ქარხანასთან ან ბრალში დასახელებულ კომპანიებთან არანაირი სახის კავშირი არ გააჩნია. თქვენმა მეგობარმა რამე რომ დააშავოს, პასუხისმგებლობა თქვენ უნდა დაგეკისროთ?! ობიექტურ ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით იმიტომ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი გარემოება“, – აცხადებს გაგი მოსიაშვილი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ შიდა ქართლში დალუქეს ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კუსტარული ქარხანა, სადაც ცნობილი უცხოური და ქართული ბრენდების პროდუქციას აყალბებდნენ.
როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ეს უკანონო ქარხანა წლების განმავლობაში მუშაობდა და მათ ახლა 75 ათასზე მეტი ბოთლი სასმელი, ასევე 318 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტიც ამოიღეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქარხანაში იწარმოებოდა ისეთი ცნობილი დასახელების სასმელები, როგორებიცაა ჩივას რეგალი, Grey Goose, belvedere, Beluga და სხვა.
საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ამოიღეს დიდი რაოდენობით ბოთლები, საცობები, ეტიკეტები და შესაფუთი მასალა, ხოლო ცისტერნაში იპოვეს წარმოებისთვის გამზადებული ალკოჰოლური სასმელი. ამოღებული პროდუქციის ფასი, შესაძლოა, მილიონობით ლარი იყოს.
საქმეზე დაკავებულია 7 პირი, მათ შორის არიან ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი, ბორის გოგიჩაიშვილი. მათ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.