11 სინდისის პატიმრის საქმეში, რომელთაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას ედავება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და მის ხელთ მოქცეული ინსტიტუტები, პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი უკვე დასრულებულია. ბოლო მოწმე, საქმის მთავარი გამომძიებელი, არსენ ხუნაშვილი, სასამართლოში 29 ივლისს დაიკითხა. 31 ივლისიდან დაცვის მხარის მტკიცებულებების კვლევა დაიწყო.

სანამ 31 ივლისის სხდომას მიმოვიხილავთ, რომელიც შედარებით ხანმოკლე, მაგრამ არანაკლებ დატვირთული და ინტენსიური გამოდგა, მოკლედ გაგახსენებთ, რისი მოწმე გავხდით აქამდე, როცა სადავეები ხელთ პროკურატურას ეპყრა, რომ ლუკა ჯაბუას, ანდრო ჭიჭინაძის, ირაკლი ქერაშვილის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, გია ტერიშვილის, ვაკო თეთრაშვილის, გური მირცხულავას, სერგეი კუხარჩუკის, რუსლან სივაკოვისა და რეზო კიკნაძის მიმართ წარდგენილი ბრალი დაედასტურებინა და შეკერილი საქმე გაემყარებინა.

ბრალდების ბოლო და მთავარი მოწმე, არსენ ხუნაშვილი, ჩვენებას ხუთი საათის განმავლობაში აძლევდა. არსებითი, რითაც ეს ჩვენება შეიძლება შეჯამდეს, ისაა, რომ გამოძიებას და პროკურატურას არ აქვთ არცერთი მტკიცებულება, რაც ბრალდებულების ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას დაადასტურებს. ამის აღიარება თავადვე არაერთხელ მოუწია გამომძიებელ არსენ ხუნაშვილს.

არათუ ორგანიზება, ბრალდებულების ჯგუფად მიჩნევის ერთადერთი არგუმენტი ისაა, რომ ზოგიერთ კადრში რამდენიმე ბრალდებული ადამიანთა ჯგუფში ერთდროულად ჩანს. ძალადობაც გამოიხატება მუყაოს ქაღალდების, დაუდგენელი საგნების უმისამართო გასროლა-მოგერიებაში, ჰაერში პიროტექნიკის გასროლაში, მოძალადე და დამრბევი სამართალდამცველების მიმართ არაკეთილგანწყობილ გამომეტყველებაში, ჟესტიკულაციასა და პირის მოძრაობაში. უფრო მეტიც — თავად პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულებებში, რომლებიც სპეცრაზმელთა რიგებიდან არის გადაღებული, ისმის უშვერი გინება, სიცოცხლის მოსპობის, გაუპატიურების მუქარა დემონსტრანტების მიმართ. ვერც ერთმა დაზარალებულად მოყვანილმა პოლიციელმა ხელი ვერ დაადო ბრალდებულებს. ზოგიერთ ბრალდებულს რომ აქციაზე ყოფნის დღესა და საათებს ედავებიან და ციხეში სხედან უკვე 8 თვეა, მაგ დღეებსა და საათებში დაზარალებული სამართალდამცველები საერთოდ ვერ მოიყვანა პროკურატურამ.

დაცვის მხარეს ერთი დღის შუალედი ჰქონდა 31 ივლისის სხდომამდე, რომ თავისი მოწმეები მოეყვანა. ზაფხულის, შვებულებების გათვალისწინებით, დღეს არცერთ ადვოკატს მოწმე არ მოუყვანია. სამაგიეროდ, ახალი მტკიცებულებები წარმოადგინა გური მირცხულავასა და ჯანო არჩაიას ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ. ესაა ვიდეომტკიცებულებების ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც გასცა იმ კითხვებს პასუხი, რაც სამართლიანი სისტემის პირობებში ობიექტურ გამოძიებასაც უნდა დაესვა, მაგრამ არ დასვა.

ექსპერტის დასკვნაში ვკითხულობთ და მის ჩვენებამდე უკვე ვიცით, რომ:

  • გურამ მირცხულავასა და ჯანო არჩაიას ნასროლი საგნის იდენტიფიცირება, მისი რაობისა და სიმძიმის დადგენა შეუძლებელია.
  • არცერთს უსვრია სამართალდამცველების მიმართულებით და არცერთის ნასროლი მოხვედრია ვინმეს.
  • ორივე შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არის პირიქით, სამართალდამცველების მხრიდან დემონსტრანტებისთვის ნასროლი საგანი, რომელიც მათ მოიგერიეს, აქციის მონაწილეებიდან მოიშორეს.
  • ორივეს წინააღმდეგ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულება დამონტაჟებულია, ამახინჯებს სურათს და აცლის მას კონტექსტს — იმას, რომ ბრალდებულები იგერიებენ სამართალდამცველების მხრიდან ნასროლ ნივთებს.

ექსპერტი მარიკა ტოკლიკიშვილი სასამართლოში 6 აგვისტოს დაიკითხება.

დღევანდელ სხდომაზე, ახალი გარემოებების გაჩენის გამო, ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობა დააყენეს ადვოკატებმა. ზოგადად, ეს საკითხი ყოველ ორ თვეში ავტომატურად დგება დღის წესრიგში და აქამდე არცერთ მოსამართლეს სინდისის პატიმრების საქმეებში ამ საკითხზე რეალურად არ უმსჯელია. პროკურატურა ამბობს ხოლმე, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების/მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის რისკი ბრალდებულების მხრიდან. მოსამართლე ეთანხმება და ბრალდებულები რჩებიან პატიმრობაში, იმის მიუხედავად, როგორც არ უნდა გააბათილონ ადვოკატებმა და დაადასტურონ ამ რისკების აბსურდულობა. ამჯერად ეს განხილვა ადვოკატების ინიციატივა იყო შემდეგ შეცვლილ გარემოებებზე დაყრდნობით:

  • პროკურატურის მტკიცებულებები გამოკვლეულია, მოწმეები დაკითხულია. ფორმალური და თეორიული საფუძველიც კი აღარ არსებობს, რომ ბრალდებულების მიერ მტკიცებულებები განადგურდება.
  • მიმალვის საფრთხე დღის წესრიგიდან სასამართლომ იქამდე მოხსნა, სანამ საქმე ნინო გალუსტაშვილის ხელში გადმოვიდოდა.
  • გაჩნდა ახალი მტკიცებულებები და ახალი გარემოებები დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნის სახით.

პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიების სახე, ყველაზე მკაცრი და უკიდურესი ზომაა, რაც როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ნორმებით, მაშინ ეფარდება ბრალდებულს და რჩება ძალაში, როცა სხვა უფრო მსუბუქი ზომებით ვერ ხერხდება რისკების დაზღვევა. მაგალითად, ასეთი  შედარებით მსუბუქი ზომებია გირაო, ელექტრონული მონიტორინგი, პასპორტის ჩამორთმევა, პოლიციაში რეგულარულად გამოცხადების ვალდებულება. ადვოკატები ასაბუთებდნენ, რომ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ გასაუქმებელი იყო ბრალდებულებთან მიმართებით, მაგრამ სთავაზობდნენ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს, რომ თუ მაინც ჩათვლიდა საჭიროდ გამოყენებას, პატიმრობა შეეცვალა რომელიმე სხვა ზომით ან მათი კომბინაციით.

პროკურატურამ არ/ვერ უპასუხა ადვოკატების არგუმენტებს და ვერ წარმოადგინა ვერც ერთი შემხვედრი კონტრარგუმენტი, რატომ უნდა დარჩენილიყვნენ ბრალდებულები პატიმრობაში და რატომ უნდა დაებრუნებინათ ისევ ციხეში სხდომათა დარბაზიდან. აქცენტი გააკეთეს იმაზე, რომ ბრალდებულები სამართალდამრღვევებად არ მიიჩნევენ თავს და, შესაბამისად, ახალ დანაშაულსაც ჩაიდენენ.

მოსამართლემ ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ის დაეთანხმა ადვოკატებს, რომ გაჩნდა ახალი გარემოებები, ახალი მტკიცებულებები, აღარ არსებობს მტკიცებულებების განადგურებისა და მართლმსაჯულების აღსრულებაზე ზემოქმედების რისკი, მაგრამ მაინც რჩება „ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე“. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი თავისი გადაწყვეტილებების დასაბუთების მცდელობით არც აქამდე გამოირჩეოდა და ამაზე არც დღეს უზრუნია.

მოსამართლის ეს გადაწყვეტილება, ადვოკატ ომარ ფურცელაძის შეფასებით, უკანონოა და წინააღმდეგობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, რომელიც ამბობს, რომ მხოლოდ ერთი საფუძვლით ბრალდებულების წინასწარ პატიმრობაში ყოფნა არ შეიძლება. მაგრამ ამ გადაწყვეტილებით ბოლო ინსტიტუციამ სასამართლოს სახით, რომელიც აქამდე არ აღიარებდა, რომ სინდისის პატიმრები უკანონო პატიმრები იყვნენ, ეს ფაქტობრივად აღიარა.

აქვე გავიხსენოთ ირაკლი კობახიძის სულ რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება, რომ თურმე აქციებზე 1000 ადამიანი ძალადობდა, ყოველდღიურად 500, დაკავებულია „დაახლოებით 30 ადამიანი პრევენციული მიზნებისთვის“ და ეს, არც მეტი, არც ნაკლები, გამოძიების მაღალ სტანდარტად წარმოადგინა.

ადვოკატების შემდეგ, სანამ მოსამართლე თავის გადაწყვეტილებას იტყოდა, ბრალდებულებმაც ისაუბრეს.

„მინდა დაფიქრდეთ, რას აკეთებთ. ჩვენზე კარგად ხომ იცით, რასაც აკეთებთ. ოდესმე ჩვენნაირი „კრიმინალები“ გყოლიათ საბრალდებო სკამზე? ეს ყველაფერი მალე შეიცვლება, მთელი გულით და სულით ვგრძნობ. ცოტა მოგვიანებით, ის ადამიანები, ვინც ამას გავალებენ, აღარ იქნებიან. მე მინდა, აქედან რომ გავალ, ეს ყველაფერი ერთ იუმორისტულ ნომერში მოვყვე და მერე დავივიწყო. არც ღვარძლი მექნება და არც შურისძიების სურვილი. ამ ინსტიტუტის [სასამართლოს] გამო, პროკურატურის გამო გააკეთეთ. პატივი ეცით თქვენს პროფესიას. რაღაც აბსურდში გვატარეთ 8 თვე და მთავარმა გამომძიებელმაც კი დაადასტურა ეს“, — მიმართა მოსამართლეს ონისე ცხადაძემ.

მოისმინეთ გური მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ანდრო ჭიჭინაძისა და ონისე ცხადაძის ადვოკატების შეფასება და დღევანდელი სხდომის მოკლე შეჯამება.

პროცესიდან ლაივ რეჟიმში წერილობით მიმდინარე რეპორტაჟს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

ამავე თემაზე დაგაინტერესებთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი

>