„აზერბაიჯანში დაკავებული 13 რუსეთის მოქალაქის გათავისუფლება შეიძლება მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს“, – ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

„რუსეთის მოქალაქეების გათავისუფლება რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს საკითხი დეტალურად განიხილეს 22 აგვისტოს ასტრახანში გამართულ ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ რუსეთ–აზერბაიჯანის მთავრობათშორისი კომისიის სხდომებზე. ჩვენი ქვეყნის პოზიცია აზერბაიჯანის დელეგაციას დეტალურად მიეწოდა. კონსულის თანამშრომლები 3–14 და 23 ივლისს ბაქოს საგამოძიებო იზოლატორში შეხვდნენ რუსეთის მოქალაქეებს. გაგზავნილია მოთხოვნა მეოთხე შეხვედრაზეც, თუმცა აზერბაიჯანის მხარეს ჯერჯერობით თანხმობა არ მიუცია. ვვარაუდობთ, რომ თანხმობა იქნება მიღებული“.

ზახაროვამ ასევე თქვა, რომ 2 ივნისს რუსეთის მხარემ მოითხოვა ინფორმაცია დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მათთვის გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ. მისი თქმით, ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.

მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობები საგრძნობლად დამძიმდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის 25 დეკემბერს ყაზახეთში ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი, ბორტზე 67 მგზავრით, ჩამოვარდა. ის ბაქოდან გროზნოსკენ მიფრინავდა.

მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობებში ახალი დაძაბულობა კი, 27 ივნისს ეკატერინბურგში აზერბაიჯანელების დაკავების შემდეგ დაიწყო. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ისინი 2001, 2010 და 2011 წლებში ჩადენილ მკვლელობებსა და მკვლელობის მცდელობებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულები არიან. დაკავებულთაგან ორი გარდაიცვალა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ერთ–ერთი მათგანის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა იყო.

აზერბაიჯანის მხარემ ექსპერტიზის შემდეგ განაცხადა, რომ სიცოცხლე დაკარგული ორი პირი, ძმები ზიადდინ და ჰუსეინ საფაროვები განსაკუთრებული სისასტიკით იყვნენ მოკლული.

შემთხვევის შემდეგ, 30 ივნისს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა მიმდინარე წლის თებერვალში საქმიანობა შეწყვეტილ „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ ოფისში, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს ეკუთვნის და „როსია სეგოდნიას“ სააგენტოს ნაწილია. ჩატარებული ოპერაციის შედეგად 7 ადამიანი დააკავეს. მათგან ორ პირს 4 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაკავებულთა საერთო რაოდენობა 13 იყო.

შემდგომში რუსეთმა ბაქოში დაკავებული რუსი ჟურნალისტების გამო, ხოლო აზერბაიჯანმა ეკატერინბურგში აზერბაიჯანელების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის გამო ერთმანეთთან ურთიერთპრეტენზიები წარადგინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი

>