ორგანიზატორებისთვისმოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა შემოდგომა-ზამთრის აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებულ 8 პირს, რომელსაც პროკურატურა ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულს ედავებოდა, განაჩენი 2 სექტემბერს გამოუცხადა.
გადაკვალიფიცირებული ბრალით, მათგან სამს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს, 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა, დანარჩენ ხუთს კი, ინსაფ ალიევს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოს ჯავახიშვილს — 2 წლით.
სინდისის პატიმრებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლიდან, 226-ეზე გადაუკვალიფიცირეს. ორივე ეს მუხლი მოიცავს ჯგუფურობას, ჯგუფის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას. თუმცა 226-ე, რომელზეც ბრალი გადაკვალიფიცირდა, შედარებით უფრო მსუბუქია, გულისხმობს ჯგუფური მოქმედებით დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევას. მანამდე კი, მუხლი, რომლითაც პროკურატურა 8 პირის [და პარალელურად მეორე ჯგუფურ საქმეში, 11 პირის] დამნაშავედ ცნობას ითხოვდა, გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, ჯგუფში მონაწილეობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა.
ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილის ჯგუფური დანაშაულის ორგანიზებაში სდებდნენ ბრალს, დანარჩენებს კი — ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობას. პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი ორგანიზატორობისთვის 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, ჯგუფში მონაწილეობისთვის 4-დან 6 წლამდე პატიმრობას.
პროკურატურას არ წარმოუდგენია სასამართლოში არცერთი მტკიცებულება, არ მოუყვანია არცერთი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულების მიერ მიყენებულ ზიანს, მათ ჯგუფურობას და მით უფრო ამ ჯგუფის ორგანიზებულობას.
„ვისაც მონაწილეობას ედავებოდნენ, მათ 2 წელი შეუფარდეს, ვისაც ედავებოდნენ ორგანიზატორობას — 2 წელი და 6 თვე. ე.ი. მოლოდინია, რომ განაჩენში ეს პირები მაინც ორგანიზატორებად იქნებიან მითითებული,” — ამბობს რევაზ აჭარაძე, ვასილ კაძელაშვილის ადვოკატი.
ბრალდებულების ოჯახის წევრები დღეს ისეთი აღელვებულები იყვნენ, როგორებიც აქამდე არ გვინახავს, თუმცა ბრალდებულების ხათრით, ბოლომდე ცდილობდნენ სიმშვიდის შენარჩუნებას და ცრემლების შეკავებას.
„ჩვენი შვილების პატიმრობა ირაკლი კობახიძის დამსახურებაა. ყველაზე დიდ სასჯელს ირაკლი კობახიძე მიიღებს“ – ამბობდა მარიზი კობახიძე, თორნიკე გოშაძის დედა უკვე განაჩენის დადგომის შემდეგ, სასამართლოს შესასვლელთან, საქართველოს დროშით ხელში.
დარბაზში ყველა ბრალდებული ფეხზე იდგა და ისე უსმენდა მოსამართლეს, მდუმარედ. პერიოდულად თავს ზემოთ სწევდნენ და ჭერს უყურებდნენ. მათგან ყველაზე ახალგაზრდები დედებს სთხოვდნენ, რომ არ ეტირათ.
მოსამართლეს შეეძლო გადაკვალიფიცირებული ბრალით, უფრო მცირე სასჯელი მიესადაგებინა ბრალდებულებისთვის. 226-ე მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს, მაგალითად, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას. თუმცა მოსამართლემ ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი ზომა გამოიყენა, თუმცა მისი არა მაქსიმალური მოცულობა.
პროკურატურა 8 პირის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენის გასაჩივრებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში აპირებს.
განაჩენს გაასაჩივრებს სინდისის პატიმრების დაცვის მხარეც.
ანალოგიური და პარალელურად მიმდინარე საქმის, ანდრო ჭიჭინაძის, გური მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, ირაკლი ქერაშვილის, რუსლან სივაკოვის, სერგეი კუხარჩუკის, რეზო კიკნაძის, ვაკო თეთრაშვილის, გია ტერიშვილის, ანუ 11 პირის საქმის ფინალური სხდომა ხვალ გაიმართება. 11 პირიდან ორგანიზებას არავის ედავებიან, აქ ბრალდებულებს პროკურატურა უმტკიცებდა, რომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ როგორც 8-პირიან საქმეში, ეს აქაც ვერ დაამტკიცა. დღევანდელი 8 პირის განაჩენს წინა დღითვე მოიხსენიებდნენ, როგორც ერთიანად 19 პირის განაჩენს ორივე ჯგუფურ საქმეში. იმთავითვე იყო მოლოდინი, რომ მოსამართლეთა გადაწყვეტილებებიც ისეთივე იდენტური იქნებოდა ამ საქმეებში, როგორც პროკურატურისა და მათი მოწმეების მცდელობები, დამნაშავეებად შეერაცხათ პროევროპული და „ოცნების“ საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეები.
ხვალ 11 პირის საქმეზე საბოლოო სიტყვებს იტყვიან ბრალდებულები რეზო კიკნაძის გარდა, რომელმაც თავისი საბოლოო სიტყვა წინა სხდომაზე უკვე თქვა. მაღალი ალბათობით, ამავე დღეს მოვისმენთ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილისგან განაჩენს. მას გადაწყვეტილების გამოცხადების გადადება მხოლოდ ერთი დღითღა შეუძლია. 5 დეკემბერს 9 თვე სრულდება, რაც ბრალდებულები დაკავებულები არიან და განაჩენი თუ მანამდე არ დადგა, რეჟიმს მათი საპატიმროდან გამოშვება მოუწევს მოსამართლის გადაწყვეტილებამდე.