“ვერ გავიგე, რა ხდება ჩემ თავს, ნივთი ვარ? უფლებები არ მაქვს?” – იკითხა ნინო დათაშვილმა სხდომაზე მას შემდეგ, რაც მისმა ადვოკატმა თქვა, რომ ბრალდებულს ამბულატორიული ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარეს ციხეში.

ადვოკატ თამარ გაბოძის ინფორმაციით, გუშინ, 6 აგვისტოს ციხეში “ჩუმად შეაპარაეს სამხარაულის ექსპერტები”, მათ შორის, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი, დავით მაღრაძე.

“შეაპარეს ჩუმად სამხარაულის ექსპერტები, რადგან იცოდნენ, რომ უკანონო იქნებოდა მისი ექსპერტიზაზე გადაყვანა. ჩუმად შეიყვანეს სასწრაფოდ გუშინ ექსპერტები! ერთი მხრივ, ამბობს, რომ სწორი იყო, დაცვის მხარის მტკიცებულებებს დავეყრდენითო. მეორე მხრივ, უარყოფს თავის მიერ შედგენილ დოკუმენტებს. ჩაიდინეს სამსახურებრივი სიყალბე! შეცდომაში შეიყვანეს სამხარაულის ბიუროც, თითქოს ამბულატორიული ექსპერტიზა იყო დადგენილი, როცა სტაციონარული ჰქონდათ დანიშნული.

რატომ ჩაატარეთ ამბულატორიული, რატომ შეაპარეთ ექსპერტები ისე, რომ არ დაუკავშირდით ადვოკატებს?! თუ თვლით, რომ აუცილებელი იყო ექსპერტიზა, რატომ გააპარეთ სასწრაფოდ ექსპერტები მასთან. ახლა ცდილობთ, რომ გამოასწოროთ უდიდესი შეცდომა, ხერხემლის ოპერაციის გამო ჩაატარეთ შერაცხადობის კვლევა! ახლა ასე ცდილობთ გამოასწოროთ ეს სიყალბე. შეარბენინეს დავით მაღრაძე, რომ თავი გადაერჩინათ. ამით დასტურდება, რომ დაცვის მხარე მართალი იყო. არ შეიძლება, რომ ხერხემლის ოეპრაციის გამო ადამიანის შერაცხადობის საკითხი იყოს კითხვის ნიშნის ქვეშ”, – ასე მიმართა მოსამართლესა და პროკურორებს დათაშვილის ადვოკატმა, თამარ გაბოძემ.


ნინო დათაშვილი არის პედაგოგი და სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც 20 ივნისს დააკავეს. მას პროკურატურა ედავება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოხელეზე თავდასხმას. საუბარია 9 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სინდისის პატიმრების პროცესზე დასასწრებად მისული დათაშვილი სასამართლოს მანდატურებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს შენობიდან. დათაშვილი მათ ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდა და ითხოვდა პასუხს კითხვაზე, რატომ აძევებდნენ. ის შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფოს გამოძახებაც გახდა საჭირო. საბოლოოდ, დათაშვილს წარუდგინეს ბრალი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

2 აგვისტოს “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) იურისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პედაგოგი ნინო დათაშვილი, შესაძლოა, იძულებით გადაიყვანონ სამედიცინო დაწესებულებაში ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად.

“პროკურატურამ მოითხოვა ნინო დათაშვილისთვის შერაცხადობის საკითხის გამორკვევა ყველანაირი კრიტერიუმის და ობიექტური საფუძვლის არსებობის გარეშე. სასამართლომ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა, მან არ მისცა ნინო დათაშვილს პროცესში მონაწილეობის უფლება, რადგან ნინოს არ ჰქონდა ინფორმაცია, რა განიხილებოდა მის წინააღმდეგ და სასამართლომ განაცხადა, რომ თუ ნინო დათაშვილი იქნება წინააღმდეგი ექსპერტიზის ჩატარებაზე, გამოყენებულ იქნას მის მიმართ იძულების პროპორციული ღონისძიებები, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ ნინო დათაშვილის არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა”, – განაცხადა თამარ გამოძემ, PHR-ის თავმჯდომარემ.

ნინო დათაშვილის ადვოკატებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ სააპელაციო სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი

>