ლაშა ბასლანძე, რომელიც რესტორან ქვევრში მომხდარ დაპირისპირებაში ფიგურირებს, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. ამის შესახებ ცნობას ტელეკომპანია პირველი ავრცელებს.

ლაშა ბასლანძე არის მომღერალ სალომე ბაკურაძის ქმარი და რესტორატორი, რომელიც პოზიციონირებს, როგორც “ქართული ოცნების” ლიდერების მეგობარი. ის ხშირად მასპინძლობს “ოცნების” წევრებს რესტორან “ქვევრში” და ასევე აქვეყნებს მათთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.

ბასლანძე პოლიციის განყოფილებაში თავის ადვოკატთან, ირმა ჭკადუასთან ერთად იმყოფება.

დღეს დილიდან ტვ პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბასლანძეს დაპირისპირება მოუვიდა რესტორან ქვევრში თავის ბიზნეს-პარტნიორთან, ზურაბ (შალვა) ტიბუასთან. ჩხუბში ფიგურირებს იარაღიც, საიდანაც, როგორც ჩანს, ჰაერში გაისროლეს.

თამარ აბესაძე, ზურაბ (შალვა) ტიბუას ადვოკატი ამბობს, რომ რესტორანი ქვევრი ეკუთვნის ზურაბ ტიბუას, ხოლო ლაშა ბასლანძეს მის კლიენტთან, რესტორნის საიჯარო ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ანუ რესტორანს ქირაობდა და ამუშავებდა. მისი თქმით, ბასლანძემ არ შეასრულა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, რის შემდეგაც მას რესტორნის დატოვება მოუწია.

“ხოლო თუ რატომ მივიდა ის რესტორანში და რატომ დაესხა თავს ტიბუას, ამას თავად ბასლანძემ უნდა უპასუხოს”, – ამბობს აბესაძე და დასძენს, რომ მას სავარაუდოდ რესტორნის უკან დაბრუნება სურდა და ამას უკავშირდება დაპირისპირება.

ტვ პირველმა მომხდარი დაპირისპირების ამსახველი ვიდეოც გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ სავარაუდოდ ბასლანძე, რომელსაც ხელში გარკვეული საგანი უჭირავს, მირბის ტიბუასთან და იწყება დაპირისპირება.

ლაშა ბასლანძის კომენტარი გაავრცელა რუსთავი 2-მა. მისი თქმით, ვინმეს დაზიანებამდე საქმე არ მისულა, თუმცა, დაპირისპირების დროს, მისი პარტნიორის მეგობარმა ჰაერში იარაღი გაისროლა.

ბასლანძე აცხადებს, რომ არ აპირებს მეორე მხარეს გასროლის გამო უჩივლოს. მისი თქმით, მომხდარს და დაპირისპირებული მხარის მოქმედებებს თავად სამართალდამცველები შეაფასებენ. ინციდენტი გუშინ, რესტორან “ქვევრში” მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ტვ პირველის ცნობით, ბასლანძის ადვოკატმა განაცხადა, რომ საგანი, რომელიც მის კლიენტს ხელში უჭირავს, სანთებელაა და არა ცეცხლსასროლი იარაღი.

მასალების გადაბეჭდვის წესი

    >