დღეს, 10 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სინდისის პატიმარს, 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
„მეგობრებო, უღრმესი მადლობა გულშემატკივრობისთვის. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. იმის შეგრძნება, რომ მარტო არ ვარ. ვხედავ, როგორ ცდილობენ იძალადონ და ჩაახშონ თავისუფალი აზრი. ვხედავ, როგორ იცავთ თავს, ერთმანეთს, თავისუფალ აზრს.
შინაგანი შიში მაინც მაწუხებს. მეშინია დამარცხების, არ მინდა, რომ ჩემი თაობა და მომავალი თაობა დიქტატურაში გაიზარდოს.
მიწევს 4-დან 7 წლამდე ციხეში წასვლა. ახალგაზრდობის წლების იქ გატარება. ახალი ოჯახიც შევიძინე, ახალი მეგობრები საკანში. შვილიშვილებისთვის მექნება ბევრი რამე მოსაყოლი. მადლობა მინდა გადაგიხადოთ სიყვარულისთვის და აქ ყოფნისთვის
მე მზად ვარ, მხნედ ვარ და არ მსიამოვნებს, რომ ცრემლს ვხედავ თქვენს თვალებზე. გაიღიმეთ ჩემთან ერთად“, – თქვა საბა ჯიქიამ დასკვნით სიტყვაში.
საბას პირველ დეკემბერს, ნაშუაღამევს, დარბევების პერიოდში, აქციაზე გდდ-ს თანამშრომელ, სპეცრაზმელ ბექა გოტიაშვილზე წიხლის ჩარტყმას ედავებოდნენ. წარდგენილი ბრალი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინში, როცა საბაც გაყვანილი ჰყავდათ, დედა მის ფოტოებს უყურებდა ტელეფონში. სხდომათა დარბაზში გატარებული დროის მანძილზე საბა დედას ანიშნებდა და სთხოვდა, რომ არ ეტირა.
პროკურორი თამარ იაკობიძე, რომელიც საბა ჯიქიას ბრალმდებელი იყო, დღევანდელ დასკვნით სხდომაზე არ გამოცხადდა და ამის შესახებ მოსამართლემაც დღეს შეიტყო. უკანასკნელ წამს თამარ იაკობიძე პროკურორმა როინ ხინთიბიძემ შეცვალა, რომელიც სინდისის სხვა პატიმრების ბრალმდებელიცაა. მათ შორის, საბა სხვიტარიძის, გიორგი მინდაძის, ანრი კვარაცხელიას..
ბექა გოტიაშვილის ჩვენების მიხედვით, ის წაიქცა და წიხლი მიაყოლეს. თვითონვე ამბობს, რომ დაზიანება არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი პარალელურად უძღვება სხვა სინდისის პატიმრების საქმეებსაც: 8 პირის საქმეს, ნიკუშა კაციას საქმეს, თედო აბრამოვის საქმეს.
საბა ჯიქიას 19 წელი პატიმრობაში შეუსრულდა.