პროევროპულ აქციებზე ორგანიზებული ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რეზო კიკნაძე ციხიდან კიდევ ერთ წერილს აქვეყნებს. წერილში, რომელიც 27 ივლისით თარიღდება, კიკნაძე წერს სოლიდარობისა და ერთმანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

“ნეტგაზეთი” უწვლელად გტავაზობთ წერილს, რომელიც კიკნაძის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

“ჩვენ გრუტი ვართ!

ჩემთვის ყველაზე დიდი გულისტკივილია, როცა ხედავ ადამიანს უჭირს, მაგრამ შენ ვერ ეხმარები — არ გაქვს შესაძლებლობა. ამ დროს მეზიზღება ხოლმე საკუთარი თავი ყველაზე მეტად.

აი, მაგალითად, უყურებ, როგორ დღეში არიან თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრებლები და შენ ტირილის მეტს ვერაფერს აკეთებ. არადა, როგორ გინდა, შეგეძლოს მათ ტკივილს წამლად მოედო, მაგრამ შენ წამალი არასოდეს გაქვს. ამის გამო საკუთარი თავის დახრჩობაც გინდა… და თქვენ, ვისაც წამალი გაქვთ, სულ ვიტრინაში რატომ გიყვართ მისი შენახვა? რა გაძლებინებთ უცქიროთ სხვის უბედურებას? არადა, ყველაზე დიდი ბედნიერება ხომ ისაა, სხვა ნახო ბედნიერი და არა ატირებული, სხვისი ცრემლების მოწმენდის მიზეზად იქცე და არა ცრემლების… იმ ვიტრინაში შენახულ წამალს ადრე თუ გვიან ვადა გაუვა ისე, რომ ვერც შენ გამოიყენებ.

როგორ შეგიძლიათ უყუროთ ადამიანის ტკივილს, ადამიანის ცრემლებს და არაფერი მოიმოქმედოთ? მეტიც — ეს გახარებდეთ და გამშვიდებდეთ?

რას ამბობს ხოლმე ყველაზე ხშირად იცით მამაჩემი და ჩვენც რა შეხედულებით გვზრდიდა? რას და — ღმერთო, ჩემზე მეტი სხვას მიეცი; სხვას თუ ექნება, მეც ხომ მექნება; ჩემს ირგვლივ ყველა თუ ბედნიერი იქნება, მეც ხომ ბედნიერი ვიქნები? ვისურვებდი, ყველას ამ პრინციპით ეცხოვრა.

გიყვარდეთ ადამიანი, იზრუნეთ ადამიანებზე და თქვენივე ცხოვრება გახდება ამით უკეთესი. დედამიწას სიყვარული ატრიალებს და სიკეთეს ალტერნატივა არ აქვს. სხვისი ჭირი რომ შენი ჭირი გახდება, კი მაშინ ხარ ადამიანი, მაგრამ ჩვენს ე.წ. მთავრობის წევრებს რომ ვუყურებ, სხვისი ჭირი მათი ჰობი და ორგანიზმის მთავარი საზრდო უფროა.

მარველის „გალაქტიკის მცველებში“ ერთი პერსონაჟია, რომელიც მთელი ფილმის მანძილზე ერთადერთ წინადადებას ამბობს — „მე გრუტი ვარ“. ერთადერთხელ შეცვალა ეს წინადადება და იცით, რა თქვა? — „ჩვენ გრუტი ვართ“. ეს კი მაშინ გააკეთა, როდესაც გადაარჩინა, როდესაც სხვისი ტკივილი მისი ტკივილი გახდა და ამის აღმოსაფხვრელად საკუთარი თავი შეაგდო გასაწირად სასწორზე. და სწორედ ეს — ანუ სხვის გადასარჩენად გადადგმული ნაბიჯი — გახდა მისთვის სიცოცხლის წყარო.

და მე ერთ რაღაცას გისურვებდი — გისურვებდი, ვიცხოვროთ ისე, რომ „მე“ გახდეს „ჩვენ“. ჩვენ გრუტი ვართ”, – წერს რეზო კიკნაძე.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი

>