აგვისტოს ომის მონაწილე ანატოლი გიგაურს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
მან გიგაურისთვის წარდგენილი მუხლი (სსკ-ის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი), რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობდა, გადააკვალიფიცირა მუხლით, რომელიც გულისხმობს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით (სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი).
“რაც გინდა გამოცხადდესა, ვხვდებით ამაყად, ტაშით და არ მივცეთ უფლება ბოროტებას, გაიმარჯვოს სიკეთეზე”, – ასე მიმართა გიგაურმა დარბაზში შეკრებილებს – მისი ოჯახის წევრებსა და გულშემატკივრებს სხდომის გახსნამდე.
განაჩენის გამოცხადების დღეს მას ეცვა მაისური, რომელზეც საქართველოს რუკაა გამოსახული.
მას შემდეგ, რაც მოსამართლე ნაჭყებიამ მას საბოლოო სიტყვით სარგებლობის უფლება მისცა, გიგაურმა მოკლედ შეაჯამა პროკურორ თამარ იაკობიძის მიერ წარდგენილ მოწმეთა ჩვენებები.
“მინდა ჩემი ბოლო სიტყვა გამოვიყენო იმ გარემოებაზე ყურადღების გასამახვოლებლად, თუ ვინ მოგვიყვანა პროკურორმა მოწმეებად.
დავიწყოთ პირველი პოლიციელით – მოვიდა ადამიანი, რომელსაც კითხვა დავუსვი თქვენ წინაშე, ჩემი უფლებები რომ ირღვეოდა და მე შველას ვითხოვდი, თქვენ რას აკეთებდით-მეთქი. ადამიანმა მითხრა, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. თურმე, ადამიანის უფლებები რომ ირღვევა, პოლიციელის საქმე არ არის და არის სხვა რაღაც ორგანოები, რომელმაც უნდა გამოიძიოს ეს საქმე – პოლიციელების დანაშაული. ეს ერთი.
მეორე- პოლიციელი მოიყვანა, რომელსაც თქვენ წინ ვათქმევინეთ, რომ ის ჩემთან შემხებლობაში არ ყოფილა. რაც კადრებთან შესაბამისოაბში არაა. მოიტყუა. ასევე მოიყვანა მესამე პოლიციელი, რომელმაც თქვა იგივე – რომ ჩემთან შემხებლობაში არ ყოფილა. მოიტყუილეს თქვენ წინ და კადრების წინ. ამათი ნდობა არ შეიძლება
შემდეგ მოიყვანა გამომძიებელი. გამომძებელმა გითხრათ, რომ გიგაურმა გამოიყენა დუმილის უფლება და შემდეგ, სადღაც 5 წუთის მერე ისეუბრა, რომ თურმე მე მოვუყევი იმას, როგორ დამიზიანდა ეს, ის … რაც მივიღე, როგორ მივიღე დაზიანება, ყველაფერი სცოდნია.
მოიყვანა მეორე გამომძიებელი, რომელმაც აქ დიდი ამბით გვესაუბრა, რომ ჩაატარა რაღაცა საგამოძიებო მოქმედებები და კადრი, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელი მე ხელს მარტყამს, ეს ვერ ნახა. აი, ეს არის ჩვენი ბრალმდებელი.
მოიყვანა ვითომ დაზარალებული. დაზარალებული კი არა, მოძალადე, მწამებელი. კაცი, რომელმაც მაწამა და ბორკილებდაებულს თავში მუშტები მირტყა და ტვინის შერყევა დამმართა, იმაზე მეუბნებით, დაზარალებულიაო.
ამის მერე უნდა ვთქვათ, რომ არებობს სიტყვა სამართლიანობა?! სამართალი უნდა ახსენოთ და [მითხრათ, რომ] ის არის დაზარაკებული?! მე დამესხა თავს, მეორედაც მე დამესხნენ თავს, მესამედ მე მაწამეს და 9 თვეა ციხეში გყავართ და მე უნდა დამიწყოთ ლაპარაკი სამართალზე?! სად არის სამართალი? აბა, ვნახოთ, რა სამართალს გამოიტანთ.
მე გაჩვენეთ კადრები, როგორ მარტყამს სახეში [პოლიციელი ვახტანგ გაბუნია]. სიტყვა არ უთქვამს გაბუნიას, ისე მირტყამს სახეში. რატომაც მირტყამს, ეგეც აგიხსენით – თუ რა სიტუაცია იყო ზუსტად იმ დროს. მიარტამს სახეში.
მე ვაკავებ მას იდენტიფიცირების მიზნით, მხოლოდ და მხოლოდ იდენტიფიცირების მიზნით, შემომყავს კადრში – გამოვიხედე, ტელევიზიები საით არიან-მეთქი, შემომყავს ზუსტად იქ და კიდევ იგინება და დარტყმას მიპირებს. მეც მინდოდა მისთვის პასუხი გამეცა, მაგრამ ვიცოდი, რომ პროვოკატორი იყო და უბრალოდ მოვიშორე. სად ნახეთ ჩემი თავდასხმა, ან ჩემი დაუმორჩილებლობა სად ნახეთ?! უბრალოდ, სად ნახეთ?! რაზე მამყოფებთ ციხეში, რისთვის?! მე ვიცი, რისთვის
[…] როგორც შემეძლება, ბოლომდე ვიბრძოლებ. ვნახოთ, ვისი გავა. ახლა თქვენ ხართ სათავეში, მაგრამ ცხოვრება დიდია, კაცო. ახლა ხომ არ მთავრდება ყველაფერი?! ვნახოთ, სადამდე მივალთ. თუ ეგეთ საქართველოში გინდათ იცხოვრით … ან რა მუნდირით არიან შემოსილები, ვინც პატიოსან საქმეს ემსახურება, ღმერთმა გაუმარჯოს! მაგრამ მუნდირის უკან რომ მუწუკები არიან, მუწუკები, რომლებიც ჩირქს სცხებენ მუნდირსაც, სისტემასაც. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?! აღარ გვინდა ასეთი სამართლიანობა. დაისაჯოს მოძალადე! მე გეუბნებოდით არ გაუშვათ-მეთქი მოძალადე, მაგრამ გაუშვით აქედან [სასამართლო დარბაზიდან], ნებით გაუშვით.
რაც გინდათ გიქნიათ, ჩემთვის მნიშნელობა არა აქვს. მე კარგს არაფერს ველოდები თქვენგან. ეს ყველაფერიც იმიტომ გაიწელა – ეგეც ვიცი […] რაღაცა იმიტაციას ქმნით, რომ ვითომ რაღაცა იმედი ჩამისახოთ და მერე ამ იმედზე უფრო მეტი იმედგაცრუება მქონდეს, მაგრამ მე მზად ვარ. მე არც დავუშვებ, რომ თქვენ სხვა გადაწყვეტლების შესაძლებლობა გექნებათ. მე გეუბნებით, რომ არც დავუშვებ. მით უმეტეს, როცა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ვარ, მისი იდეებისთვის ვიბრძვი. არა მჯერავს, რომ თქვენ [ობიექტური იქნებით]. დამარწმუნეთ მაშინ.
მეტი არაფერი არა მაქვს სათქმელი. დანარჩენი ყველაფერი ვიდეოზე დევს. დანარჩენი, აწ ვნახეთ, როგორ იჭამდნენ ტუჩებს მოყვანილი მოწმეები – თქვენი თვალით უყურებდით […] ჩემს მდგომარეობასაც უყურებდით, მართალიუ ადამიანი როგორ დგას ფეხზე და იბრძის. დანარჩენი თქვენზეა ახლა დამოკიდებული ბატონო მოსამართლე – რაც გინდა ის გიქციათ. მე გითხარით, პოლიტიკურია-მეთქი ჩემი დაკავება და ჩემი გასვებაც პოლიტიკური იქნება. აქ არაფერ შუაში არ არის არც სამართალი და არც სამართლიანობა”, – ასე მიმართა მოსამართლე ნაჭყებიას ანატოლი გიგაურმა.
გიგაურის საბოლოო სიტყვას დარბაზი ტაშით შეხვდა.
ამავე თემაზე:
ამავე თემაზე:
- “თქვენს ოთახში, თქვენ წინ მირტყამდა მუშტებს, პასუხისმგებელი ხართ ამაზე?” – ანატოლი გიგაური მოწმე პოლიციელს
- აქციის მონაწილე ამბობს, რომ პოლიციელებმა ჯერ დაკავებისას სცემეს, შემდეგ – განყოფილებაში
.
ანატოლის გიგაურს ზუსტად ის მუხლი ჰქონდა წარდგენილი, რაც ბათუმელები/ნეტგაზეთის თანადამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ზუსტად ისე გადააკვალიფიცირა მუხლი, როგორც ამაღლობელის მოსამართლე ნინო სახელაშვილმა.