ვიდეოები, რომლებიც პროკურატურის მთავარი მტკიცებულებაა 19 წლის ირაკლი მიმინოშვილისა და 26 წლის თორნიკე გოშაძის წინააღმდეგ, “აღარ არის უტყუარი”. ეს გამომდინარეობს იმ ექსპერტიზის დასკვნიდან, რომელიც ბრალდებულთა ადვოკატმა, ნინო ლომინაძემ დღეს წარადგინა სასამართლოში.

მართალია, სასამართლომ მტკიცებულებების დასაშვებობაზე 6 თვის წინ, მარტში იმსჯელა, მაგრამ ადვოკატმა განმარტა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროდან დასკვნა რამდენიმე დღის წინ, 11 აგვისტოს მიიღო. შესაბამისად, აქამდე ფიზიკურად არ ჰქონდა ამ მტკიცებულების საქმეზე დართვის შესაძლებლობა. გარდა ექსპერტიზის დასკვნისა, ნინო ლომინაძემ მოითხოვა სამხარაულის ექსპერტების – გრიგოლ სოსელიას, სალომე ჩოლოყაშვილისა და მარიამ როგავას დაკითხვა.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მტკიცებულებები საქმეს დაურთო. თუმცა სხდომაზე არც ექსპერტები დაუკითხავთ და არც დასკვნა განუხილავთ. ეს იმიტომ, რომ საქმის პროკურორებმა, ვაჟა თოდუამ და ვახტანგ ცალუღელაშვილმა ახალი მტკიცებულებები უდავოდ ცნეს. ეს ნიშნავს, რომ ისინი სრულად ეთანხმებიან მტკიცებულებების შინაარსს. შესაბამისად, მისი განხილვა აღარ არის საჭირო.

რა წერია ექსპერტრიზის დაკსვნაში და რა მნიშვნელობა აქვს მას?

ადვოკატმა ნინო ლომინაძემ ექსპერტს დაუსვა ორი კითხვა იმ ვიდეოებთან დაკავშირებით, რომლებიც პროკურატურის მთავარი მტკიცებულებებია მიმინოშვილისა და გოშაძის წინააღმდეგ:

  1. წარმოდგენილი ვიდეომასალა არის თუ არა უწუყვეტი?
  2. წარმოდგენილ ვიდეომასალაზე აღინიშნება თუ არა მონტაჟის კვალი?

ექსპერტიზამ ორივე კითხვაზე დადებითი პასუხი გასცა. უფრო მეტიც, დასკვნაში განმარტებულია, რომ ვიდეოები ერთ შემთხვევაში სამგან იყო “გაწყვეტილი”, შესაბამისად, ოთხი სხვადასხვა მონაკვეთისგან შედგება, მეორე შემთხვევაში – ორგან. ამ შემთხვევაში ვიდეო სამი დამოუკიდებელი მონაკვეთისგან შედგება. რატომ არის ისინი ერთმანეთზე გადაბმული, პროკურატურას არ განუმარტავს. თუმცა განმარტავს ადვკატი ნინო ლომინძე.

ის ამბობს, რომ პროკურტაურას ვიდეოების დამონტაჟება იმ ილუზიის შესაქმნელად დასჭირდა, რომ ბრალის დადგენილებაში ჩაწერილი განმარტებები ვიდეოებზეცაა ასახული, რაც სინამდვილეში ასე არაა.

მაგალითად, თორნიკე გოშაძეს უწყება ქვის სროლას ედავება. ვიდეო, რომელიც მათ წარმოადგინეს, ოთხი დამოუკიდებელი მონაკვეთის შეერთებითაა შექმნილი. მათგან ორში გოშაძე არ ჩანს. როგორც ლომინაძე განმარტავს, ვიდეოს დასაწყიში ჩანს, როგორ ცდილობს პირთა ჯგუფი ქვაფენილის გატეხვას და მისგან გამოცალკევებული ქვის ნატეხების ამოღებას, მეორე ვიდეოში ჩანს გოშაძე, რომელიც რაღაც ნივთს ისვრის. ამას მოსდევს კადრი, სადაც ჩანან პოლიციელები.

ადვოკატის თქმით, ამგვარი ვიდეოს დამონტაჟებით პრკურატურა შეეცადა იმის დადასტურებას, რომ გოშაძემ ჯერ ქვაფენილიდან ქვის ნაჭერი მოამტვრია, შემდეგ კი ისროლა პოლიციელების მიმართულებით. სინამდვილეში, კადრში, რომელშიც გოშაძეა გამოსახული, მხოლოდ ის ჩანს, რომ ისვრის გარკვეულ ნივთს.

პროკურატურას არ აქვს დადგენილი ამ ნივთს რაობა – ამაზე ექსპერტიზა არ ჩატარებულა. თუმცა პროკურორები ირწმუნებიან, რომ ეს ნივთი მძიმეა. ასევე, გაურკვეველია, რა მიმართულებით ისვრის გოშაძე ამ ნივთს და იმასაც არაფერი ადასტურებს, რომ ეს ნივთი ვინმეს, მით უმეტეს, პოლიციელს ხვდება. არ არსებობს ერთი მოწმეც კი, რომელმაც დაინახა, ვის მოხვდა გოშაძის ნასროლი ნივთი. დაზარალებულად ცნობილი ათობით პოლიციელიდან ვერც ერთი ადებს ხელს კონკრეტულად თორნიკე გოშაძეს.

ადვოკატი ნინო ლომინაძე

ასევეა ირაკლი მიმინოშვილის შემთხვევაშიც. ერთადერთი ექსპერტიზა, რომელიც პროკურატურამ ამ ვიდოეებზე ჩაატარა, არის ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა. ეს ექსპერტიზა ადგენს პირის ვინაობას. პროკურატურამ დაადასტურა, რომ ვიდეოში, უფრო ზუსტდ, ვიდეოს კონკრეტულ მონაკვეთებში გამოსახული პირები მიმინოშვილი და გოშაძე არიან. თუმცა, ცხადია, ეს არ არის საკმარისი მათთვის წარდგენილი ბრალის – ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილების დასადასტურებლად.

ნინო ლომინაძე განმარტავს, რომ სწორედ ამ ვიდეომტკიცებულებებს დაეფუძნა გოშაძისა და მიმინოშვილისთვის ბრალის წარდგენა. მას შემდეგ კი, რაც ამ მტკიცებულებებმა უტყუარობის სტანდარტი დაკარგა, მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღებისას მოუწევს, შესაბამისად შეაფასოს ისინი.

“როდესაც ბრალი წარედგინათ, სწორედ ამ ვიდეობის დაყრდნობით მოხდა ამ პირების ბრალდება. თითქოს ვიდეოზე ჩანდა, რომ გოშაძე და მიმინოშვილი იმყოფებოდნენ აქციაზე, ისროდნენ რაღაც ნივთებს და იქმნებოდა ილუზია, რომ პოლიცილეებს ესროდნენ.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხევდით, მტკიცებულება უნდა იყოს უტყუარი და არ უნდა იძლეობდეს იმის საფუძველს, რომ რაიმე ნიშან-გვარობითი ცვლილება იყოს განხორიციელებული. რეალურად, ნიშან-თვისების შეცვლა კი არა, მთლიანად მტკიცებულება არის [ხელოვნურად] აგებული. კანონიერი გზითაც რომ იყოს მოპოვებული, მაინც დაუშებელია და არ შეიძლება მისი გაზიარება. უტყურობის სტანდარტს კარგავს ეს მტკიცებულება. ამ სტანდარტის ნგრევა მნიშვნელოვანია სასამართლოსთვის მტკიცებულების შეფასების თვალსაზრისით. ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც ბრალდება ემყარებოდა, არის ეს ვიდეოები. ექსპერტიზის დაკსვნა კი ამ მტკიცებულების სტანდარტს არსებითად არყევს”, – განაცხადა ნინო ლომინაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ნინო ლომინაძე ამაზე აქცენტს გააკეთებს თავის დასკვნით სიტყვაშიც, რომელსაც, სავარაუდოდ, ორშაბათს, 25 აგვისტოს გააცნობს სასამართლოს. ადვოკატთა ნაწილი დასკვნითი სიტყვს იტყვის 27 აგვისტოსაც. ამავე დღეს მოუსმენს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი თავად ბრალდებულებს, განაჩენს კი პირველ სექტემბერს გამოაცხადებს.

ირაკლი იმინოშვილი და თორნიკე გოშაძე იმ 8-პირიანი საქმის ფიგურანტები არიან, რომელზე ბრალდებულთა ნაწილსაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობას, ნაწილს კი ხელმძღვანელობას ედავებიან. ამ საქმისგან გამოყოფილია 11-პირიანი საქმე, რომელზე ბრალდებულებიც იმავე – ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილების მუხლით არიან დაკავებული.

ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებაში ბრალდებულებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, მონაწილეობაში ბრალდებულებს კი – 4-დან 6 წლამდე.

ორივე ამ საქმეზე პროკურატურას ვაჟა თოდუა და ვახტანგ ცალუღელაშვილი წარმოდგენენ. მათ მიერ წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულებებისთვის უწყვეტობა და მონტაჟი არ არის ერთადერთი “პრობლემა”. დაცვის მხარე ამ ვიდეოების მოპოვების კანონიერებასაც აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ამ თემაში უკეთ გასარკვევად გაეცანით სტატიას “ნეტგაეთის” არქივიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი

>