„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ე.წ. პირბადეების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა.
გიგაურის თქმით, კითხვები შეეხებოდა პროევროპულ აქციებზე დაჯარიმებულთა დახმარებას, ასევე „ქართული ოცნების“ წევრების სანქცირების შესახებ მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
„კითხვები შეეხებოდა, ვეხმარებოდი თუ არა მე პირადად დაჯარიმებულებს. მოიტანეს ინფორმაცია ჩემი პირადი ანგარიშიდან გადარიცხვებთან დაკავშირებით. მეორე საკითხი შეეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, სადაც მე ვსაუბრობ, რომ მნიშვნელოვანია, დასანქცირდნენ კონკრეტული პირები, რომლებიც ჩართულები არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში, წამებებში და კორუფციაში; მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ამ პირების პასუხისმგებლობა დადგეს და არა საქართველოს მოქალაქეების. ასევე, მაგალითად, კითხვა შეეხებოდა ჩვენს კამპანიას ნაწამები, დაკავებული მოქალაქეების სოლიდარობის შესახებ. ასევე, როგორც ჩანს, პრობლემა იყო შვიდი თუ რვა ლაბადის ყიდვა აქციების მიმდინარეობის დროს და სხვადასხვა ასეთი შეკითხვები იყო, რომელიც არ ვიცი, რანაირად უკავშირდება ზოგადად იმ გამოძიებას, რომელსაც აწარმოებენ“, — განაცხადა გიგაურმა ჟურნალისტებთან.
ეკა გიგაურისთვის ცხადია, რომ გამოძიება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინებას ისახავს მიზნად, თუმცა ამბობს, რომ ისინი მაინც გააგრძელებენ თვიანთ საქმიანობას და მოქალაქეების დაცვას.
„როდესაც სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენებაზე არის საუბარი, ამას არ აკეთებენ ორგანიზაციები გამჭვირვალე გადარიცხვებით და დღგ-ს გადახდით და ზედნადებებით. ჩვენი საქმიანობა არის ძალიან გამჭვირვალე. ყველა განცხადება ჩვენი დევს ვებ-გვერდზე, ჩვენი პოზიცია ფიქსირდება როგორც განცხადებებში, ასევე სხვადასხვა ანგარიშებში და ჩვენს საჯარო საუბრებში“, — დასძინა გიგაურმა.
„საბოტაჟის“ შესახებ გამოძიება პროკურატურაში ვატო შაქარაშვილის მოძრაობის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაიწყო. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში მარტში პროკურატურამ რამდენიმე ფონდის ანგარიში დააყადაღა, მათ შორის: ნანუკას ჟორჟოლიანის ფონდი, „ფროსფერითი“, ფონდი ერთმანეთისთვის 24/7, სირცხვილია, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.
27 აგვისტოს, პროკურატურის მოთხოვნით, ყადაღა დაედო 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს:
- „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“
- „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“
- „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“
- „დემოკრატიის მცველების“
- „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“
- „საფარის“
- „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“.
პროკურატურის განცხადებით, ორგანიზაციებისთვის ყადაღის დადება მოითხოვა, რადგან გაზაფხულის აქციების დროს, მათ აქციის მონაწილეებისთვის სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები შეიძინეს და დახმარება გაუწიეს დაჯარიმებულ ადამიანებს ჯარიმის გადახდაში და დაკავებულ პირებსა და მათ ოჯახებსაც.
პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ შესყიდვის დოკუმენტები გამოაქვეყნა იმის “დასტურად”, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ანგარიშები დაუყადაღეს, „ძალადობრივ აქციებს ორგანიზებას და დაფინანსებას“ უწევდნენ.
27 აგვისტოს „იმედმა“ 5 არასამთავრობო ორგანიზაციის შესყიდვების დოკუმენტაცია გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციებზე სიუჟეტის ავტორის, სოფო ბერიძის განცხადებით, დოკუმენტები „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა“. საუბარია: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“, „დემოკრატიის მცველების“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შესყიდვებზე.
„იმედის“ ინფორმაციის თანახმად, აქციების დროს ამ ხუთმა ორგანიზაციამ პირბადეებზე, რესპირატორებზე და სხვა დამცავ საშუალებებზე, ჯამში, დაახლოებით 7 500 ლარი დახარჯა.
28 აგვისტოს „იმედმა“ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) წინააღმდეგ არსებული „მტკიცებულებებიც“ გამოაქვეყნა. „იმედის“ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ISFED-მა 2024 წლის პირველ მაისს 18 რესპირატორი და 20 დამცავი სათვალე შეიძინა, რაშიც 1200 ლარზე მეტი გადაიხადა.