ცხინვალი ურჩევს ადგილობრივ მოქალაქეებს, დროულად გაიარონ “პროცედურა, რომ ეროვნული მართვის მოწმობები რუსეთის მართვის მოწმობებში გაცვალონ, რათა მომავალში აიცილონ საზღვარზე შესაძლო პრობლემები”.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შსს-ს ინფორმაციით, უკვე სამ ათასზე მეტმა ადამიანმა გადაცვალა ადგილობრივი მართვის მოწმობა რუსეთის მართვის მოწმობაზე .
„მართვის მოწმობების გაცვლა ხორციელდება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე. პროცედურის გასავლელად ავტომობილის მფლობელებმა უნდა წარადგინონ განაცხადი, სამხრეთ ოსეთის პასპორტი, რუსეთის მოქალაქის პასპორტი ან რუსეთში საცხოვრებელი ბარათი და მოქმედი მართვის მოწმობა სამხრეთ ოსეთის შსს-ს საგზაო ინსპექციიდან. ყველა საჭირო დოკუმენტის მიღების შემდეგ მართვის მოწმობის გაცვლა ხდება ხუთ სამუშაო დღეში“, – განაცხადეს დე ფაქტო უწყების პრესსამსახურში.
ამასთან, ოფიციალური ცნობითვე, პროცედურა ხელმისაწვდომია ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების მფლობელისთვის, რომელსაც მართვის უფლება აქვს.