სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკრაინის მოქალაქეს სატვირთო მანქანით საქართველოში 2.4 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი შემოჰქონდა.
სუსის ცნობით, დაკავებულია უკრაინის 2 მოქალაქე.
„მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სუსმა და შსს-მ, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის 2 მოქალაქე დავაკავეთ. 10 სექტემბერს უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავმა „მერსედეს ბენცის“ ტიპის სატვირთო მანქანამ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა. მისი შეჩერებისა და გადამოწმების შედეგად, ავტომანქანაში ნაპოვნია საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2.4 კგ-ის ოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი. საქმე ეხება ტროტილზე ძლიერ მოქმედ ნივთიერებას“, — განაცხადა სუსმა.
გამოძიების თანახმად, ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის მოქალააქეს, ავტომანქანის მძღოლ მ.ს.-ს ეკუთვნოდა.
„უკრაინის ტერიტორიაზე დაუდგენელმა პირმა გადასცა ხსენებული სატვირთოს მძღოლს შენიღბულ კასრებში მოთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერება და განუმარტა, რომ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მათთან კავშირზე მყოფი სხვა პირი ამ ნივთიერებას გამოართმევდა. უკვე დაკავებულია ასევე უკრაინის მოქალაქე დ.ჟ., რომელმაც მძღოლს მიაკითხა და ასაფეთქებელი ნივთიერება გამოართვა“, — განაცხადა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილე ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე.
სუს-ის ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 ერთეული მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, სხვადასხვა ქვეყნის მობილური ოპერატორების სიმ ბარათები, კომპიუტერი, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა და ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გადაზიდვას გულისხმობს.
სუსის თანახმად, დაკავებულებს ბრალად 260-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებაც წარედგინებათ, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვას გულისხმობს.
უწყების თქმით, გამოძიების საგანია, მზადდებოდა თუ არა ტერორისტული აქტი საქართველოში, ქვეყანა ტრანზიტისთვის გამოიყენებოდა თუ სხვა.