იმის მიუხედავად, რომ “ქართული ოცნება” ჯერ კიდევ 2023 წელს აცხადებდა, რომ “2025 წლის ბოლოს არცერთი დევნილი ოჯახი აღარ დაგვრჩება, ვისაც გადაუდებელი განსახლება დასჭირდება”, ქვეყანაში ათასობით დევნილი გაუსაძლის პირობებში კუთვნილი ბინის მოლოდინშია. მათ შორისაა აფხაზეთიდან დევნილი ჟანა გეჯუა, რომელიც ორ მცირეწლოვანთან ერთად თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, ყოფილი აბანოს სარდაფში 2020 წლის შემდეგ ცხოვრობს.
“მე ჟანა გეჯუა ვარ, 46 წლის. 14-ის ვიყავი, როცა აფხაზეთის ომი დაიწყო. გალის რაიონის სოფელ ოტობაიადან ვარ. იმ დღიდან დღემდე ჩემი ოჯახი სხვის ბინაში ცხოვრობს ზუგდიდში. მამა ფიქრებმა და დარდმა იმსხვერპლა – სოფლიდან მიწა გადმოიტანეს და გულზე დავაყარეთ, ისე დავმარხეთ სხვა მიწაზე. იმდენი დარდი გაჰყვა, ლოგინად ჩავარდნილი იყო სხვის ჭერქვეშ და ქულები არც მაშინ გვეყო.
დავქორწინდი და მას მერე თბილისში ვართ, ნაქირავებში. უფრო სწორად, ყოფილი აბანოს შენობის სარდაფში. 350 ლარს ვიხდით ამ სარდაფში. ისეთი ნესტია, ბავშვები სულ ავად არიან. ცოტა ხნის წინ სასწრაფოს ექიმმა მითხრა: „სასწრაფოდ გაიყვანე აქედან ბავშვები“, მაგრამ სად გავიყვანო? ამ ფასად ვერაფერს ვიშოვი.
600 ლარის სოციალური დახმარება გვაქვს, აქედან ვიხდით ქირას, რაც გვრჩება, კომუნალურებში მიდის. არც მე ვმუშაობ და არც ჩემი ქმარი — მას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. მე ორ მცირეწლოვანს ვუვლი, 4 და 6 წლის არიან და ორივეს განვითარებაში შეფერხება აქვს. უფასო რეაბილიტაციაზე დამყავს ყოველდღე.
ამბობენ, 2026 წელს საბოლოოდ უნდა დააკმაყოფილონ დევნილები ბინით. იმედი მაქვს, მომავალ წელს მაინც ჩვენი რიგიც მოვა. ზუგდიდში ველოდებით ბინას, რადგან იქ ვარ ჩაწერილი. აქამდე არასოდეს გვყოფნიდა ქულები. ან ქულებს რა მნიშვნელობა აქვს, არ ვიცი, როცა ხედავენ, სად ვცხოვრობთ… ახლა მხოლოდ ღმერთის იმედიღა დამრჩა. ყველაფერი ღმერთის ნებაზეა”.